არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“
წესდება
თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეკვიზიტები
1. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ (შემდგომში – „ასოციაცია“) - არის მედიაციის სფეროში გამოცდილების ან ცოდნის მქონე პირთა გაერთიანება.
2. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
3. ასოციაციის ოფიციალური სახელწოდებაა: ქართულად - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაცია”, ხოლო ინგლისურად - Non-entrepreneurial (non commercial) Legal Entity „The Georgian Association of Mediators“.
4. ასოციაციის ოფიციალური იურიდიული მისამართია: თბილისი, შარტავას ქ. 40, მე-10 სართული, 0160 თბილისი, საქართველო. ასოციაციის ფაქტობრივი მისამართია: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, 0179 თბილისი, საქართველო
5. ასოციაციის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართი არის: gam.apply@gmail.com
6. ასოციაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ასოციაციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ასოციაცია საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობა
- მედიაციის განვითარება საქართველოში;
- მედიატორთა ინტერესების დაცვა;
- მედიატორთა სწავლება და აკრედიტაცია;
- მედიატორთა პროფესიული ქცევის წესების შემუშავება და აღსრულება.
2. დასახული მიზნების მისაღწევად ასოციაცია ახორციელებს სხვადასხვა აკადემიურ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო–კვლევით საქმიანობას, ორგანიზებას უწევს პროექტებს და პროგრამებს, ქმნის დისციპლინური საქმისწარმოების და აკრედიტაციის სისტემებს, ატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს, თანამშრომლობს მსგავსი მიზნების მქონე სხვა ორგანიზაციებთან და მედიაციით დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან, ახორციელებს ასოციაციის მიზნების შესაბამის კანონით ნებადართულ ყველა სხვა სახის საქმიანობას.
3. ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ასოციაციის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
4. ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება მის მიზნებს, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
თავი II ასოციაციის წევრობა
მუხლი 3. ასოციაციის წევრი
1. ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ ის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს მედიაციის სფეროში საქმიანობის პრაქტიკული გამოცდილება, მიღებული განათლება ან აკადემიური სწავლების გამოცდილება. ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი წერილობით ადასტურებს პრაქტიკული გამოცდილების, განათლების, ან აკადემიური სწავლების გამოცდილების არსებობას.
2. პირი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება მედიაციის განვითარებაში, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით და ამ პირის თანხმობით შეიძლება გახდეს ასოციაციის საპატიო წევრი. წესდებით გათვალისწინებული წევრის უფლებები და მოვალეობები საპატიო წევრზე არ ვრცელდება.
3. ასოციაციის წევრის მიღების, გასვლის ან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა, წესდების შესაბამისად.
4. წევრობის კანდიდატი ასოციაციის დამფუძნებელ სხდომაზე დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, წესდებაზე ხელმოწერის, ასოციაციაში გაწევრიანებისა და გამგეობის არჩევნებში ხმის უფლება მიანდოს გაწევრიანების მსურველ სხვა კანდიდატს, რომლის უფლებამოსილება დადასტურდება სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 4. წევრის უფლებამოსილებები
1. ასოციაციის წევრი უფლებამოსილია:
ა) წესდების შესაბამისად მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის მართვაში;
ბ) დაიკავოს ასოციაციაში ნებისმიერი თანამდებობა;
გ) საერთო კრებაზე ისარგებლოს ხმის უფლებით;
დ) მმართველობით ორგანოებში შეიტანოს წინადადება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შედის ასოციაციის კომპეტენციის სფეროში;
ე) მიიღოს ინფორმაცია ასოციაციის საქმიანობისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ გამგეობის მიერ დადგენილი წესით;
ვ) გამგეობის მიერ დადგენილი წესით ისარგებლოს ასოციაციის განკარგულებაში არსებული ყველა რესურსით;
ზ) მიიღოს მონაწილეობა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, ღონისძიებებსა თუ პროექტებში; დაესწროს ასოციაციის საერთო კრებას.
თ) გავიდეს ასოციაციიდან;
ი) განახორციელოს ნებისმიერი სხვა უფლებამოსილება, რომელიც გამომდინარეობს ასოციაციის მიზნებიდან.
მუხლი 5. ასოციაციის წევრის მოვალეობები
1. ასოციაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და შეასრულოს მმართველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს და დაიცვას ასოციაციის ავტორიტეტი, სახელი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, ქონება და მის განკარგულებაში არსებული სხვა სიკეთეები;
გ) დათქმულ ვადაში გადაიხადოს საწევრო გადასახადი;
დ) არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ასოციაციაში მისი უფლებების განხორციელების შედეგად.
ე) დაიცვას მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი მისი საერთო კრების მიერ დამტკიცების შემდეგ.
მუხლი 6. ასოციაციის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. ასოციაციის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ:
ბ) მის წინააღმდეგ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე;
დ) მან გაწევრიანებისას განზრახ წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია;
ზ) მან დაარღვია წესდებით ან მმართველობის ორგანოს მიერ წესდების შესაბამისად დაკისრებული რომელიმე ვალდებულება და დარღვევა არ გამოასწორა გამგეობის მიერ განსაზღვრულ ვადაში;
თ) მან დადგენილ ვადაში არ გადაიხადა საწევრო შესატანი და ასევე გადააცილა გამგეობის მიერ დამატებით მიცემულ ვადას;
ი) მან განახორციელა ასოციაციის წევრისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ზიანს აყენებს ასოციაციის რეპუტაციას ან/და ავტორიტეტს.
2. ასოციაციის გამგეობა უფლებამოსილია საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში წევრს შეუჩეროს სტატუსი მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე.
3. სათანადო პირობების არსებობისას, წესდების შესაბამისად შეჩერებული წევრის სტატუსი აღდგება გამგეობის გადაწყვეტილებით შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ.
თავი III ასოციაციის მმართველობითი ორგანოები
მუხლი 7. საერთო კრება
1. ასოციაციის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება.
2. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ კალენდარული წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში.
3. საერთო კრების ჩატარების ზუსტ თარიღს განსაზღვრავს და 2 კვირით ადრე კრების დღის წესრიგთან ერთად წევრებს ატყობინებს გამგეობა.
4. ასოციაციის ნებისმიერ წევრს უფლება აქვს კრების გახსნამდე მაგრამ არაუგვიანეს მე–3 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების დღიდან 2 დღის ვადაში დღის წესრიგის პროექტის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გამგეობისგან მოითხოვოს განმარტება, გამოთქვას მოსაზრებები ან მოითხოვოს დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხების შეტანა, რომლებიც შესაბამისობაში უნდა იყოს ასოციაციის მიზანთან.
მუხლი 8. რიგგარეშე კრება
1. ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე კრება, რომლის მოწვევის უფლება აქვს:
ა) ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს;
ბ) გამგეობას;
გ) ასოციაციის წევრთა არანაკლებ 10%-ს.
მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღება საერთო კრების მიერ
1. საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ასოციაციის წევრი უფლებამოსილია, საერთო კრებაზე დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში, საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის უფლება მიანდოს ასოციაციის სხვა წევრს სათანადო წესით წერილობით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე. თუ კრება არ არის უფლებამოსილი დამსწრე წევრთა არასაკმარისი რაოდენობის გამო, მოიწვევა ახალი კრება ამ წესდებით დადგენილი წესით.
2. საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. როგორც წესი ხმის მიცემა ხდება ღია კენჭისყრით. გამგეობაში წევრების არჩევის შესახებ კენჭისყრა ტარდება ფარულად. გამგეობა ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა კენჭისყრის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
მუხლი 10. საერთო კრების კომპეტენცია
1. საერთო კრება უფლებამოსილია:
ა) შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ასოციაციის წესდებაში;
ბ) აირჩიოს გამგეობის წევრები;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის რეორგანიზაციის ან/და ლიკვიდაციის შესახებ;
დ) დაამტკიცოს ასოციაციის ბიუჯეტი;
ე) დაადგინოს საწევრო გადასახადი და განსაზღვროს მისი ოდენობა და გადახდის წესები;
ვ) დაამტკიცოს მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი და დისციპლინური წარმოების წესი;
ზ) დაამტკიცოს აუდიტორი;
თ) მოისმინოს, განიხილოს და დაამტკიცოს გამგეობისა და აღმასრულებელი დირექტორის ანგარიშები;
ი) მოისმინოს კომიტეტების ანგარიშები, თუ შესაბამისი საკითხი დღის წესრიგში იქნება შეტანილი;
კ) მიიღოს, ცვლილებები შეიტანოს ან გააუქმოს საერთო კრების რეგლამენტი;
ლ) ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ასოციაციის შიდა აქტების შესაბამისად განეკუთვნება მის კომპეტენციას.
მუხლი 11. საერთო კრების წარმართვა
1. საერთო კრებას უძღვება გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც კრების გახსნისთანავე ასახელებს კრების მდივანს. გამგეობის თავმჯდომარის არყოფნისას კრებას გაუძღვება გამგეობის დამსწრე უხუცესი წევრი.
2. სხდომის თავმჯდომარე:
ა) აუწყებს საერთო კრებას სხდომის გახსნასა და დამთავრებას;
ბ) უძღვება სხდომას;
გ) უზრუნველყოფს ასოციაციის წესდებისა და საერთო კრების პროცედურების დაცვას;
დ) განსაზღვრავს სიტყვით გამომსვლელთა რიგითობას;
ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს მის შედეგებს;
ვ) ახორციელებს წესდებით და ასოციაციის აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საერთო კრების სხდომის მდივანი აწარმოებს სხდომის ოქმს, ხელს აწერს მას და ახორციელებს ასოციაციის აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. საერთო კრების მდივანი ანგარიშვალდებულია ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.
4. თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული საერთო კრების გადაწყვეტილება ძალაში შედის მას შემდეგ რაც ოქმს ხელს მოაწერს სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. ოქმში უნდა აისახოს:
ა) სხდომის დრო და ადგილი;
ბ) კრების თავმჯდომარისა და მდივნის/მდივნების ვინაობა;
გ) სხდომაზე დამსწრე წევრთა რაოდენობა;
დ) დღის წესრიგი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილებები.
მუხლი 12. გამგეობა
1. გამგეობა ხელმძღვანელობს ასოციაციას, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ასოციაციის საქმიანობის ნებისმიერ მიმართულებას და უზრუნველყოფს საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას.
2. გამგეობა შედგება 9 წევრისგან, რომელიც აირჩევა ასოციაციის წევრებისგან საერთო კრების მიერ დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, გამგეობის წევრთა საქმიანობა არ არის ანაზღაურებადი. ამ პოზიციაზე დაშვებულია ზედიზედ მხოლოდ 2 ვადით არჩევა.
3. გამგეობის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ წევრს. კანდიდატები და მათი წერილობითი თანხმობა გამგეობის წევრად არჩევაზე წარედგინება გამგეობას შესაბამისი საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.
4. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი კანდიდატი მიიღებენ ხმათა თანაბარ რაოდენობას და ასეთი კანდიდატების რიცხვი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ვაკანტური ადგილები, მაშინ ასეთ კანდიდატებს შორის ჩატარდება დამატებითი კენჭისყრა, თუ გამარჯვებული მაინც არ გამოვლინდა, ხელმეორე კენჭისყრაში მათ შორის გამარჯვებული გამოვლინდება წილის ყრით.
5. ასოციაციის გამგეობის წევრთა 1/3 ექვემდებარება ყოველწლიურ როტაციას საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ასოციაციის დაფუძნების ეტაპზე გამგეობის წევრების არჩევისას გამგეობის 3 წევრი აირჩევა 3 წლის ვადით, 3 - 2 წლის ვადით, და დანარჩენი - 1 წლის ვადით. არჩევნებში მიღებულ ხმათა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრება გამგეობის წევრობის ხანგრძლივობა. კანდიდატი, რომელიც ვერ მიიღებს ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობას, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ნაკლები ვადით ასარჩევ წევრთა კენჭისყრაში. შესაბამისი ვადით წევრად არჩეულ იქნება ის სამი კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა ყველაზე მეტ რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი კანდიდატი მიიღებს ხმათა თანაბარ რაოდენობას და ასეთი კანდიდატების რიცხვი ვაკანტური ადგილებზე უფრო მეტი იქნება, მაშინ ასეთ კანდიდატებს შორის ჩატარდება დამატებითი კენჭისყრა. თუ გამარჯვებული მაინც არ გამოვლინდა, ხელმეორე კენჭისყრაში მათ შორის გამარჯვებული გამოვლინდება წილისყრით.
6. პირველი არჩევნები ჩატარდება როტაციის პრინციპით, ხოლო შემდეგ გამგეობის წევრთა უფლებამოსილება იქნება სამწლიანი.
7. გამგეობის წევრები ქმნიან კომიტეტებს ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გათვალისწინებით. ასოციაციის მიერ მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შემდეგ ეთიკის კომიტეტის შექმნა სავალდებულოა. გამგეობას შეუძლია თავისი ინიციატივით ან წევრთა 1/10-ის მოთხოვნით შექმნას სხვა კომიტეტებიც. კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები. გამგეობის ერთ წევრს შეუძლია იყოს არაუმეტეს 2 კომიტეტის წევრი. კომიტეტის საქმიანობის შედეგები პერიოდულად წარედგინება გამგეობას და ისინი ფორმდება გამგეობის შესაბამისი გადაწყვეტილებით. კომიტეტი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს, რომელიც წარმართავს კომიტეტის საქმიანობას.
8. გამგეობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საკუთარი ნებით გადადგომის შემთხვევაში. გამგეობის წევრის უფლებამოსილება შეწყდება ასევე ასოციაციის წევრობის დაკარგვის ან საერთო კრების მიერ მისი გადაყენების შემთხვევაში, რასაც საფუძვლად შეიძლება დაედოს მის მიერ ასოციაციის წესდების უხეში დარღვევა.
მუხლი 13. ასოციაციის გამგეობის წევრები
1. ასოციაციის გამგეობის წევრები არიან:
მუხლი 14. გამგეობის უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი
1. გამგეობა იკრიბება ორ თვეში ერთხელ მაინც. გამგეობის თავმჯდომარე ნიშნავს სხდომის თარიღს და მის ჩატარებამდე 2 დღით ადრე ატყობინებს გამგეობის წევრებს.
2. გამგეობა უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება გამგეობის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
4. გამგეობის სხდომას უძღვება თავმჯდომარე რომელიც აუწყებს წევრებს სხდომის გახსნასა და დამთავრებას, განსაზღვრავს სიტყვით გამომსვლელთა რიგითობას, კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს მის შედეგებს.
5. ასოციაციის გამგეობა:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობის ყველა მიმართულებას;
ბ) შეიმუშავებს ასოციაციის საქმიანობის პროგრამას;
გ) ამტკიცებს მედიატორთა აკრედიტაციის წესებს;
დ) განსაზღვრავს შტატების რაოდენობას და თანამშრომელთა სახელფასო პოლიტიკას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;
ვ) წყვეტს ასოციაციის ახალი წევრების მიღების, წევრობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საკითხებს;
ზ) შეიმუშავებს ასოციაციის საბიუჯეტო კონცეფციის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას;
თ) კონტროლს უწევს თანხების მიზნობრივ განკარგვას;
ი) ადგენს წესდებაში განსახორციელებელ ცვლილებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას;
კ) წესდების შესაბამისად ნიშნავს საერთო კრების თარიღს და ატყობინებს ასოციაციის წევრებს;
ლ) შეიმუშავებს საერთო კრების დღის წესრიგს და წესდებით განსაზღვრული წესით აცნობს ასოციაციის წევრებს;
მ) გადაწყვეტილებას იღებს წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებაზე ან სხვა საჭიროებისთვის თანხის გამოყოფაზე ასოციაციის ქონებიდან;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას პირისათვის ასოციაციის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ო) მოიძიებს დაფინანსებას ასოციაციის მიზნებისათვის და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას მედიაციის და ასოციაციის საქმიანობის შესახებ. ახორციელებს ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესდებას.
6. ასოციაციის გამგეობა მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს დადგენილების ფორმით, რომელიც ძალაში შედის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერისთანავე.
მუხლი 15. გამგეობის თავმჯდომარე
1. გამგეობის თავმჯდომარე არის გიორგი ცერცვაძე (დაბ. 30.08.1982წ. პირადი No:01003009942, მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. No:34, ბ. 56).
2. გამგეობა, საკუთარი წევრებიდან, სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს 1 წლის ვადით. ამ პოზიციაზე დაშვებულია ზედიზედ მხოლოდ 2 ვადით არჩევა.
3. გამგეობის თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს გამგეობის სხდომებს, გამგეობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, ასოციაციის სახელით ავრცელებს საჯარო განცხადებებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს გამგეობის საქმიანობას, ზედამხედველობს გამგეობის გადაწვეტილებების აღსრულებას.
4. გამგეობის თავმჯდომარე:
ა) ერთპიროვნულად წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას დასახული მიზნების შესაბამისად;
გ) იწვევს და თავმჯდომარეობს გამგეობის სხდომებს;
დ) ხელს აწერს გამგეობის დადგენილებებს;
ე) ახორციელებს ასოციაციის მიზნებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 16. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
1. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი არის რუსუდან თვაური (დაბ. 20.12.1990წ. პირადი No:01022011009, მისამართი: ქ. თბილისი, თემქა XI მ/რ II კვ. კორ. 36ა, ბ. 76).
2. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ხელმძღვანელობს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას, ხელს უწყობს ასოციაციის ორგანოების კოორდინირებულ და ეფექტურ თანამშრომლობას.
3. აღმასრულებელი დირექტორის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე მისი შრომის ანაზღაურების წესს ადგენს გამგეობა.
4. აღმასრულებელ დირექტორს გამგეობის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს გამგეობა.
მუხლი 17. ასოციაციის დამფუძნებლები
ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
თავი IV ასოციაციის ქონება
მუხლი 18. ასოციაციის ფინანსები და ქონება
1. ასოციაციის შემოსავლები უნდა მოხმარდეს საზოგადოების მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
2. ასოციაციის შემოსავლის წყაროა:
ა) საწევრო შენატანი;
ბ) შემოწირულობები;
გ) გრანტები;
დ) კანონით ნებადართული სხვა საშუალებები.
3. გამგეობის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს ასოციაციის მხარდამჭერი ფონდები.
4. ასოციაციის ქონების განკარგვა ხორციელდება გამგეობის მიერ წესდების შესაბამისად.
მუხლი 19. ასოციაციის აუდიტი
1. ასოციაციის ფინანსური საქმიანობის, შემოსავლებისა და ხარჯების შემოწმებისა და კონტროლის მიზნით საერთო კრების მიერ შეიძლება არჩეულ იქნას აუდიტორი.
თავი V დასკვნითი დებულებები
მუხლი 20. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ასოციაციის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ხმების 3/5-ით.
2. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
3. გადაწყვეტილება ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს ასოციაციის საერთო კრება.
5. ასოციაციის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
6. თუ საერთო კრება არ განსაზღვრავს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს, სასამართლო ასოციაციის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
7. ლიკვიდაციას ახორციელებს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
მუხლი 21. წესდების ამოქმედება
1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.